ნატო-ს ანგარიშებში და ოფიციალურ განცხადებებში დადასტურებულია, რომ ჩვენი თავდაცვის სისტემა, ჩვენი მმართველობის სისტემა თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით განუცხადა.
„აქედან გამომდინარე, სტატუს-კვო ისაა, რომ საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომელსაც საქართველო იმსახურებს.
აღტაცებით და ნიშნის მოგებით საუბარი საქართველოზე, რომ რატომ არ ხდება ახლა ვილნიუსში საქართველოს გაწევრიანება, არის ან ზედაპირული ცოდნის და უცოდინრობის შედეგი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ან, სუბიექტური ინტერესია, რომ საქართველოს იმიჯი მედიაში ვინმემ დააზიანოს. ეს იმ პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგია, ვისაც არ აქვს სასაუბრო რეალურ საკითხებზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ვილნიუსი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. მსოფლიო ლიდერები ნატოს 2023 წლის სამიტის ფარგლებში შეიკრიბნენ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ემზადებიან. სამიტი რამდენიმე წუთში ოფიციალურად გაიხსნება. ნატოს ღიას კარის პოლიტიკა უცვლელია, მხარდამჭერი განცხადებები კეთდება ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებითაც. პარალელურად აღინიშნა, რომ ომში უკრაინის გამარჯვება მნიშვნელოვანია.