ნებისმიერ საერთაშორისო ვიზიტს აქვს ორმაგი დატვირთვა და მნიშვნელობა, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყანა პროაქტიულ პროცესს აჩვენებს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„არა მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერების საერთაშორისო ვიზიტები, არამედ საერთაშორისო მთავარი პოლიტიკური აქტორების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში არის ცალსახად პოზიტიური ნაბიჯი და თითოეულ ასეთ შეხვედრაზე მთავარი გზავნილი არის საქართველოს დაახლოება ევროპულ სტრუქტურებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი აქტიური და ნაყოფიერი დღის წესრიგი მიგვიყვანს საერთო წარმატებამდე“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის ბერბელ ბასის ოფიციალური ვიზიტი დღეს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან შეხვედრით გაგრძელდება. ბუნდესტაგის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა. დაგეგმილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიფინგიც.