საქართველოს მიმართ ამა თუ იმ რეფორმაზე საუბარი უფრო მეტად საბაბია, ვიდრე მიზეზი. არავითარი მიზეზი არ აქვს ნატოს ჩვენი ინსტიტუციური განვითარების მხრივ, რომ არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ნებისმიერი სანდო საერთაშორისო კვლევის მიხედვით საქართველო ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა ასპექტით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„თუკი არის სადმე მშვიდობის საზღვარი, ეს არის ნატოს საზღვარი. ამას ჩვენ ვხედავთ ღიად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იმ მისწრაფებას, რომელიც აქვს საქართველოს და ქართველ ხალხს, და სურვილს, სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენც ვიყოთ დაფარული ნატოს უსაფრთხოების ქოლგით, ჰქონდეს ადეკვატური გამოხმაურება ნატოს მხრიდან. 2008 წელს ითქვა, რომ ნატოს კარი ღიაა, თუმცა ეს ღია კარის პოლიტიკა ჯერჯერობით რჩება მხოლოდ ღია კარის პოლიტიკად და წინ ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯები არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ იყოს პროგრესი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა არგუმენტი გამოიყენება ხოლმე, რომ რაღაცნაირად გამართლდეს გაწევრიანების გეგმის არ მინიჭების გადაწყვეტილება თუ შემდეგ ეტაპზე გადასვლა, თუმცა ვფიქრობ დღეს ყველა ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია. ვფიქრობ, თავად ნატოს წევრი ქვეყნებიც უკვე დარწმუნდნენ იმაში, რომ მნიშვნელოვანია უფრო მეტი სიცხადე და რომ ბუნდოვანება, რომელიც 2008 წლიდან გვქონდა, კიდევ უფრო აღრმავებს რისკებს. ასევე, რაც შეეხება სახელმწიფოებრივ მზაობას, ვფიქრობ, საქართველოს მიმართ ამა თუ იმ რეფორმაზე საუბარი უფრო მეტად საბაბია, ვიდრე მიზეზი. არავითარი მიზეზი არ აქვს ნატოს ჩვენი ინსტიტუციური განვითარების მხრივ, რომ არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ნებისმიერი სანდო საერთაშორისო კვლევის მიხედვით საქართველო ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა ასპექტით. მაგალითად, გამჭვირვალობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსების მიხედვით, საქართველო ნატოს 15 წევრ ქვეყანას უსწრებს. კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, საქართველო ნატოს 4 წევრ ქვეყანას უსწრებს, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ თითქოს საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ არ არის მზად შემდეგი ეტაპისთვის, ეს არის მხოლოდ საბაბი, და არა მიზეზი. რაც შეეხება სამხედრო მზაობას, ჩვენი სამხედრო კონტინგენტის 80% სხვადასხვა სახით ჩართული იყო ნატოს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის საერთაშორისო მისიებში და არის სრულად თავსებადი ნატოსთან, და ამას თავად ნატოც აღნიშნავს. გარდა ამისა, ჩვენი კონტრიბუცია უსაფრთხოების საკითხებში რიგ შემთხვევებში აღემატებოდა ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის კონტრიბუციას. მაგალითად, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო თავისი კონტინგენტით ავღანეთში, ხოლო აბსოლუტური რიცხვებით იყო მეოთხე თავისი რიცხოვნობით. ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც დღეს გამოირჩევა კრიტიკულობით საქართველოს მიმართ, იმ კონტინგენტის მეათედიც კი არ ჰყავდა გაგზავნილი ავღანეთში, რაც საქართველოს ჰყავდა. სადაც საბრძოლი იყო საერთო ღირებულებებისთვის და მშვიდობისთვის, საქართველომ ყველგან იბრძოლა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კონტრიბუცია შესაბამისად დაფასდეს“, - აცხადებს პაპუაშვილი.