ოპოზიციას მართალია ბერკეტი არ აქვს, რომ მოძალადე დასაჯოს, მაგრამ მინიმუმ ის უნდა გააკეთოს, რომ ძალადობა დაგმოს. ამიტომ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან სხვადასხვა მეთოდით ხდება ძალადობის კულტივაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საგარეჯოში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.
მან განმარტა საგარეჯოში გუშინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტი წახალისებული იყო თუ არა ხელისუფლების მხრიდან.
„რაც შეეხება ძალადობას, ჩვენი მხრიდან ამაზე არაერთხელ ხაზი გაგვისვამს, რომ ჩვენი მხრიდან, ვგულისხმობ ხელისუფლებას, არა მხოლოდ არის და უნდა იყოს, არამედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მოხდეს ადამიანების დასჯა, ვინც ძალადობას სჩადის. ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე უბრალოდ დაგმობა ძალადობის. პირიქითაც ვამბობ-ხოლმე, რომ ოპოზიციამაც, რომელსაც მართალია ბერკეტი არ აქვს, რომ მოძალადე დასაჯოს, მაგრამ მინიმუმ ის უნდა გააკეთოს, რომ ძალადობა დაგმოს. ამიტომ, მთავარი პრობლემაა ის, რომ ჩვენთან სხვადასხვა მეთოდით ხდება ძალადობის კულტივაცია, რომელიც საბოლოო ჯამში, ჭარბ ემოციებში იჩენს თავს. ემოციები შემდეგ გადადის შეხლა-შემოხლასა და ძალადობაში. რა დროსაც წითელი ხაზი იკვეთება და არის ძალადობა, რა თქმა უნდა, იქ ერევა უკვე კანონმდებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს საგარეჯოში მოსახლეობა დაუპირისპირდა. ხაბეიშვილის გამოჩენას ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა.