მეუფე შიოს მდგომარეობა ახლა ნორმალურია და ის ჩვეულებრივ სამუშაო რიტმშია. ზოგადი სისუსტე ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ აეხსნათ, რის გამო იყო ეს გამოწვეული, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საბოლოოდ გაკეთდა ანალიზი, რომელმაც დაადასტურა, რომ სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მეტი იყო.
„ახლა არ იქნება სწორი, რომ ამაზე დაწვრილებით ვისაუბრო. ჯერ არ მიგვიმართავს სამართალდამცველი ორგანოებისთვის, რომ საქმე ოფიციალურად აღძრულიყო. კლინიკური სურათი, რაც არის, იძლევა იმის ვარაუდის საშუალებასაც, რომ ეს შეიძლება იყოს ყოფითი შემთხვევა, თუმცა რადგან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, დასაშვებია ისიც, რომ შესაძლოა ვინმეს განზრახ გაეკეთებინა“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.