სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ექსპერტებმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომაზე საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები წარადგინეს.

ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული კონცეფცია  მიზნად ისახავს საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბებას, რამაც უნდა უზრუნველყოს სოფლის მოსახლეობის და ფერმერების მიერ საძოვრებით სარგებლობის სამართლებრივი და სამეურნეო პირობების განსაზღვრა-დამკვიდრება, საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ასევე, ნაყოფიერების გაუმჯობესება და მეცხოველეობის დარგის მდგრადი განვითარება.

დოკუმენტში ჩამოყალიბებულია საძოვრების მდგრადი მართვის ხედვა და პრინციპები: საძოვრად გამოყენებული მიწების საკუთრებისა და საძოვრებით სარგებლობის უფლებების საკითხები, საძოვრების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად ინსტიტუციური მოწყობა, საძოვრების მართვის ეკონომიკური და ფისკალური ასპექტები, საძოვრებით სარგებლობის დაგეგმვა და მონიტორინგი.

საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტმა საფუძველი შეუქმნა  საძოვრების მართვის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომის წევრებმა აღნიშნეს, რომ კონცეფციაში ასახული პრინციპები პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს საძოვრებთან მიმართებაში და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვასა და დამკვიდრებას.