ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის, უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო, - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამას ვერცერთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ვერ შეცვლის.
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება პარტნიორის მისამართით და ამას გავაგრძელებთ. ვერცერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება თუ გადაწყვეტილება ჩვენ მიმართ ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.