ნახეთ, რომ ბოლო დღეები ოპოზიცია აყოლილია „გირჩს“ და ეხმარებიან, რომ ყველანაირად ხელი შეუშალონ თავდაცვის კოდექსის მიღებას, რომელიც არ არის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული, ეს პროექტი არის შეთანხმებული ასევე ჩვენს პარტნიორებთან, კონსულტაციების მხრივ, და ეს არის ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც სჭირდება ჩვენს ჯარს და ყოველ ჯარისკაცს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გირჩის დამოკიდებულება ჯარის მიმართ ახალი არ არის, ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ და დანარჩენ ოპოზიციას არ ვიცი რა მიზეზები აქვს, მაგრამ როგორც ჩანს ერთობიან და აყოლილები არიან „გირჩს“, რომ ამ პროცედურულ ხრიკებში დაეხმარონ. მეორეს მხრივ ეს არის მათი უფლება. როდესაც უმრავლესობას ეყოლება საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ სხდომა გაიხსნას, სხდომა მაშინ გაიხსნება.“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ გამოიყენა საპარლამენტო ინსტრუმენტი, რომელსაც მანამდე უმრავლესობამაც მიმართა, თუმცა, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევაა.
„მნიშვნელოვანია მეორე მომენტი - როდესაც უმრავლესობამ ამ პროცედურულ საშუალებას მიმართა, არ გაიარა რეგისტრაცია, ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს არის რეგლამენტის დარღვევა და ანტიკონსტიტუციური. ზუსტად იგივე გააკეთა დღეს ოპოზიციამ. ანუ, მათაც აღიარეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეიძლება. მეორე - გახსოვთ თქვენ, რომ საერთოდ არ გაიხსნა სხდომა, რიგგარეშე სხდომაზე იყო საუბარი, როცა ამბობდნენ თითქოს პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზი ჩაკეტა და არ გვიშვებსო. მაშინ საფუძველი იყო ის, რომ უმრავლესობამ მომართა, რომ არ იქნებოდნენ სხდომაზე, ანუ, ცნობილი იყო, რომ არ იქნებოდა კვორუმი და ამიტომ არ გაიხსნა სხდომათა დარბაზი. იგივე სიტუაცია შეიქმნა ახლა. ვინაიდან აქედანვე ცნობილია რომ ხვალაც არ გაივლის ოპოზიცია რეგისტრაციას, ხოლო უმრავლესობას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის დეპუტატები იმისთვის, რომ სხდომა გაიხსნას, ამიტომ დარბაზიც არ გაიხსნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კვორუმის არქონის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით უნდა განეხილათ.