,,ხალხის პარტიის” ლიდერი პარლამენტარი კობა დავითაშვილი, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის სახით მონაწილეობს, დღეს 12 სექტემბერს გორელ ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვდრა პარტიის ოფისის წინ გაიმართა.
კობა დავითაშვილმა, პირველ რიგში, ამომრჩევლებს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების მიზეზი აუხსნა, ხოლო შემდგომ მათ კითხვებს გასცა პასუხი. დავითაშვილის თქმით, ერთ-ერთი უმრავლესობის დატოვების ძირითადი მიზეზი, ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო პოლიტიკის მუშაობის ძველი მეთოდით გაგრძელების ფაქტი გახდა.
გორელმა ჟუჟუნა წერეთელმა კობა დავითაშვილს გორის სამედიცინო ცენტრებში არსებული მდგომარეობის შესახებ ჰკითხა. როგორც ცნობილია, ქალაქში არსებული სამედიცინო ცენტრები 2012 წელს მინიმალურ ფასად კონკრეტულ ჯგუფზე გაიყიდა. კობა დავითაშვილის განცხადებით, ეს მასალები პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტში იხილებოდა, შემდეგ ის პროკურატურას გადაუგზავნეს, თუმცა შემდგომში რა ბედი ეწია მას, მისთვის უცნობია:
,,ეს არის არაფექტური მთავრობა. გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, თითქოს ვიღაცის და რაღაცის ეშინიათ. მე მოგეხსენებათ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი და სულ ორი სხდომა მახსოვს. რაც შეეხება პროკურატურას, მე მათი გამოძიებული საქმე არ მინახავს” – განაცხადა დავითაშვილმა.
კობა დავითაშვილს დაზარალებული იპოთეკარების პრობლემებზეც მოუხდა განმარტება: ,,მთავრობა ხედავს, რომ აქციებს მართავთ 20-30 კაცი, ამ ყველაფერს დაახლოებით 5 ათასი კაცის გამოსვლა უნდა. მთავრობას ეშინია ხალხის. თუ დაინახავს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, გადაწყვეტილების მიღებაზე იზრუნებს.” – განაცხადა დავითაშვილმა.
გორის რაიონის სოფლების – შინდისის და ქვახვრელის მოსახლეობამ სასმელი წყლის პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. კობა დავითაშვილისთვის გამოსავალი, ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელი თვითმმართველობის არსებობაა. ,,თუკი სოფელს ექნება თავისი ფული, ბიუჯეტი, ის ამ თანხით გააკეთებს იმას, რაც იქ მცხოვრებლებს სურთ. ჯერ-ჯერობით, მთავრობას ეშინია დამოუკიდებელი თვითმმართველობების არსებობის, რადგან ამ შემთხვევაში მათზე კონტროლს დაკარგავს” – განმარტა დავითაშვილმა.
გორიდან დავითაშვილი კასპის რაიონის სოფელ ნიაბში გამემგზავრა.