ირაკლი კობახიძე: ხელოვნურად არის შექმნილი ცესკოში ერთგვარი კრიზისული ვითარება, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს

ირაკლი კობახიძე: ხელოვნურად არის შექმნილი ცესკოში ერთგვარი კრიზისული ვითარება, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს

ორ წელიწადზე მეტია, რაც ცესკოს წინა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დატოვა თანამდებობა. შესაბამისად, ორ წელიწადზე მეტია, ცესკოს არ ჰყავს სრულფასოვნად არჩეული თავმჯდომარე. არის მხოლოდ 6 თვით არჩეული თავმჯდომარე და 6 თვით არჩეული ორი წევრი, რომლებსაც გაუხანგრძლივდათ უფლებამოსილების ვადა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა წევრები არ არიან არჩეულები და სხვა თავმჯდომარე არ არის არჩეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის არაჯანსაღი მდგომარეობა - ხელოვნურად არის შექმნილი ცესკოში ერთგვარი კრიზისული ვითარება, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

„თავის დროზე, პრეზიდენტმა კონკურსის წესით შეარჩია ცესკოს თავმჯდომარე და ორი წევრი, წარმოუდგინა პარლამენტს და ამ კანდიდატებმა მიიღეს პარლამენტის მხარდაჭერა, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერაც. ამის შემდეგ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ჰქონდა მათი წარდგენის საშუალება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ საუკეთესო კანდიდატები, პრეზიდენტმა ამაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ამ კანდიდატებს მხარს არ უჭერდა „ნაცმოძრაობა“, ვაშაძე, „ლელო“ და ა.შ. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება არგუმენტი. თუ კონკურსი ტარდება, განმსაზღვრელიც ეს უნდა იყოს. შესაბამისად, პრეზიდენტმა დაარღვია სამართლიანობის პრინციპი. კონკურსის მიხედვით ეს ადამიანები იყვნენ საუკეთესოები, ამ სამმა ადამიანმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა თვითმმართველობის და შუალედური არჩევნები, თუმცა მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა უარი თქვა მათ წარდგენაზე. ჩვენ ვხედავთ ცესკოში ხელოვნურად კრიზისის შექმნის მცდელობის აშკარა ნიშნებს. ჩვენ მიერ მიღებული კანონი, რომელთა დაკავშირებითაც დღეს იქნება დაძლეული ვეტო, ემსახურება სწორედ ასეთი ინსტიტუციური კრიზისის პრევენციას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 2024 წლის ოქტომბერში გასამართი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ისეთივე მაღალ დონეზე, როგორც ჩატარდა მაგალითად ბოლო თვითმმართველობის არჩევნები. ამიტომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ არავის მივცეთ ცესკოში ხელოვნურად კრიზისის შექმნის საშუალება“, - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს - კომიტეტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაიზიარა.