რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად აცილებულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების რეალურ საჭიროებებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ ჰყავს ისეთი ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ შინაარსობრივი ოპონირება, ამიტომ მხოლოდ პოლიტიკური სკანდალებითა და დესტრუქციით არიან დაკავებული.
„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები რეგიონებში, არსებითი პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით და რაც მთავარია, უსაფრთხოება და მშვიდობა, რაც დაცულია ქვეყანაში, მიწასთან დაკავშირებული რეფორმა, ასევე ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები როგორც სპორტის, ასევე კულტურისა და სოციალური მიმართულებით. საუბარია როგორც გამოწვევებზე, ისე ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. ეს არის კონკრეტული საქმე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს და რაც ჩვენ საზოგადოებას აინტერესებს. მეორე მხარეს რომ შევხედოთ, რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად აცილებულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების რეალურ საჭიროებებს. მათ არ აქვთ საკითხები, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი. არ ჰყავთ ისეთი ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ შინაარსობრივი ოპონირება, ამიტომ მხოლოდ პოლიტიკური სკანდალებითა და დესტრუქციით არიან დაკავებული. ჩვენ ეს არ გვაშინებს, რა თქმა უნდა, დღეს კიდევ ერთხელ გავცემთ მათ პასუხს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.