ჩვენ მივიღებთ სტატუსს, რადგან ამას ვიმსახურებთ, ჩვენი ადგილი ევროპაშია, - ამის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარემ, ლელა რაზიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სამოქალაქო დაპირისპირება შეიქმნება, ეს არის ახლა ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენი მტრისთვის.
„როდესაც დამთავრდა სამოქალაქო ომი და დავიღუპეთ ერთხელ, 30 წლის წინ, ფიქრობდი, რომ საქართველოში აღარც ერთი პოლიტიკოსი აღარ დაუბრუნდებოდა იარლიყების თემას. იარლიყების თემამ ძალიან ცუდად იმოქმედა მაშინ, ძალიან ბევრი პატრიოტი და სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი იმდენად გამოიყვანა მდგომარეობიდან, რომ მცდარ გზაზე დააყენა და ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ წავედით. ოჯახები გაიხლიჩა, სასწაულები ხდებოდა და ეს რომ ვნახეთ, ვფიქრობდი, რომ ამის მნახველი პოლიტიკოსი ამას არასდროს დაუბრუნდებოდა, მაგრამ მოვიდა ხელისუფლებაში დემოკრატიის სახელით, დროშით ხელში წინა ხელისუფლება და ეს იარლიყების თემა ისევ გაცოცხლდა ხელისუფლების დონეზე. მაგალითი გვახსოვს ფოტოგრაფების საქმე და ეს არასასურველი ადამიანის განადგურების მეთოდად, ხელწერად აქცია. ამიტომ და არა მარტო ამიტომ, ადამიანის უფლებები, ქონების უფლება და არაფრის უფლებები რომ არ გვქონდა, ევროპულ გზაზე რომ არ მივდიოდით ამ ღირებულებათა სისტემით, ამიტომ ვთქვით ჩვენ უარი. მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ოპოზიციური პლატფორმიდან ეს თემა არანაკლებ საზიანო და გამანადგურებელია. ის ხალხი, ვინც ქმნის ამ იარლიყს და ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ იარაღის ობიექტები, ამ იარაღის ორივე მხარე შეიძლება გახდეს სამოქალაქო დაპირისპირების მონაწილე და ჩვენ ამაზე დიდ რუსულ საქმეს ვერ გავაკეთებთ. თუ ჩვენ ახლა სამოქალაქო დაპირისპირებას შევქმნით, ეს ჩვენი მტრისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება.
დავუშვათ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ წლის ბოლოს და ჩვენ ეს გვექნება, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა დარჩა ამ ოპოზიციას? სახეები ძველია, მეთოდები ძველია, რაღაცნაირად ვერ შეძლო გადახალისება. ოპოზიცია რომ ხარ, მე, მოქალაქეს უნდა მითხრა, რომ ხელისუფლებაზე უკეთესი ვარ, მაქვს უკეთესი პროგრამა, უკეთესი ხალხი შემომყავს და ა.შ. მე უნდა ვიყო მომავალი, ყველაფერი წარსულის რომ მაქვს და ერთადერთი საჯილდაო ქვა მაქვს, რატომ არ შევდივართ, ეს თქვენი ბრალიაო და დავუშვათ მივიღეთ სტატუსი, სად ვართ? პრაქტიკულად ფუნქციის დაკარგვამდე მიდის ოპოზიცია. შეიძლება მათ ეს სჭირდებოდეთ პოლიტიკური აქტიურობისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ამ პროცესის გაწელვა და არა უცებ ამ ნაბიჯის გადადგმა. ამაზეც შეიძლება ვიფიქროთ. ამას ისევ ხალხის სიბრძნე დაალაგებს, ჩვენ მივიღებთ სტატუსს, იმიტომ, რომ ამას ვიმსახურებთ, ჩვენი ადგილი ევროპაშია“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.