პირველივე დღიდან პროტესტი რატომ დაიწყო, დღემდე რეალობასთან მიახლოებული არგუმენტი კვლავ არ მაქვს, რადგან არავის უცდია, რომ ეს შემოეთავაზებინა, - ამის შესახებ კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბაჩო ოდიშარიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„პირველივე დღიდან, როდესაც მე იქ მივედი, გაჩნდნენ ოპოზიციური მედია და დემონსტრანტები, რომლებმაც დაუყოვნებლივ დაიწყეს სასტვენებით და კარზე ბრახუნით პროტესტის გამოხატვა. მირეკავდნენ ოპოზიციური მედიიდან და მათ ეგონათ, რომ რეორგანიზაცია მარტო იმას ნიშნავს, რომ უნდა გაყარო თანამშრომლები სამსახურიდან. შესაბამისად, ვინც კინო სექტორს წარმოადგენს, ამ ადამიანების უკმაყოფილებს ყოველთვის მოვისმენ და ვეცდები გავიგო, როდესაც ეს არტიკულირებული იქნება სიტყვაში. შეჩერდეს რეორგანიზაცია, არის ერთ-ერთი ტრაგიკული მოთხოვნა, რაც კი ოდესმე მომისმენია მრავალწლიანი საპროტესტო აქციების მანძილზე. შეჩერდეს რეორგანიზაცია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც კინოცენტრისგან ფინანსდებიან ან მომავალში დაფინანსდებიან, ნიშნავს, შევაჩეროთ გაუმჯობესებული სერვისის მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ოდიშარიამ.
მისივე განმარტებით, კინოცენტრის რეორგანიზაცია გამოიწვია იმან, რომ იქ აქამდე არანაირი განახლება არ ჩატარებულა.
„ვგულისხმობ, ინსტიტუციურ განახლებას. ის სამუშაო ხელსაწყოები, რომელიც აქვს კინოცენტრს, ვერ არის ისეთი ეფექტიანი, რომელიც სჭირდება დღევანდელ დროში იმ ადამიანებს, რომლებიც არიან უშუალოდ კინოცენტრის ფოკუს ჯგუფი“, - განაცხადა ოდიშარიამ.