საქართველოს დერეფანში გამავალი ტვირთები ახლო მომავალში უნდა გაათმაგდეს

საქართველოს დერეფანში გამავალი ტვირთები ახლო მომავალში უნდა გაათმაგდეს

საქართველოზე გამავალი დერეფნით ჩვენზე მეტად მეზობელი სახელმწიფოები არიან დაინტერესებულნი. მათთვის ეს მარშრუტი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია, რადგან დასავლეთ სამყაროსთან კავშირი თანდათანობით ეზღუდებათ.

საქართველო ძალიან აქტიურობს და პარტნიორ ქვეყნებთან სხვადასხვა ხელშეკრულებებს აფორმებს იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა უფრო მეტად გაზარდოს და შუა დერეფნაში უდიდესი როლი შეინარჩუნოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც. სწორედ ამის გამოხატულება იყო ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმაილოვის საქართველოში ვიზიტიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში შედგა, სადაც ყველაზე დიდი ყურადღება შუა დერეფანს და მის მეტად გააქტიურებას დაეთმო.

„გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. პროექტში ჩართულია: აზერბაიჯანი, საქართველო და ყაზახეთი და ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი მოიხსნას და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად, აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშრუტის მეშვეობით „შუა კორიდორში“. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან.

ეს არის 5-წლიანი გეგმა, დაახლოებით, 2027 წლამდე ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას. ასევე, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი. ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე“, - განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახ კოლეგასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე.

თავის მხრივ, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთბრუნვის 10 მლნ ტონამდე გაზრდა სურს, რა დროსაც საქართველოსთან სინქრონულ თანამშრომლობას საკვანძოდ მიიჩნევს.

„საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძალუძთ ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს. 2022 წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა 2-ჯერ გაიზარდა, ხოლო საკონტეინერო გადაზიდვები - 30%-ით. დადებითი დინამიკა დღემდე ნარჩუნდება. გვსურს ამ მიმართულებით საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნის მისაღწევად, მხარეები წარმატებით ვახორციელებთ ერთობლივ გზამკვლევს 2022-27 წლებში ამ დერეფნის გასავითარებლად და დაბრკოლებების სინქრონულ რეჟიმში მოსახსნელად“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.

შარშან ამ მარშუტით გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაორმაგდა და 1,7 მლნ ტონას მიაღწია. ამავდროულად, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და საქართველოსთან გაფორმებული საგზაო რუკების განხორციელების წყალობით, წელს 2 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდება, ხოლო 2025 წლამდე მარშრუტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს.

გარდა ამისა, საქართველო მალე შეუერთდება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების მიერ ბაქოში ხელმოწერილ შეთანხმებას ერთობლივი ლოგისტიკური კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს მოემსახურება. ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრის მარატ კარაბაევის თქმით, ერთობლივ კომპანიას სამი ქვეყანა - ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ქმნიან. ერთობლივი ლოგისტიკური კომპანია ტარიფების გაერთიანებასა და შუა დერეფანში ყველა ტვირთის დამუშავებაზე იმუშავებს, ხოლო მთავარი ამოცანა ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ყველა პროცედურის მაქსიმალური გამარტივებაა.

კარაბაევი ამბობს, რომ „თუ ადრე მარშრუტზე საქონლის მიწოდების დრო 53 დღე იყო, დღეს ის 18-23 დღემდე შემცირდა, ხოლო ახალი კომპანიის საქმიანობით მიწოდების დრო წელს 18 გარანტირებულ დღემდე, შემდეგ კი 10-15 დღემდე შემცირდება.

საქართველო ცდას არ აკლებს და თავისი როლის გაძლიერებაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტის გელა კვაშილავას შეფასებით, შუა დერეფანის მეტად გააქტიურებას მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი, რათა უფრო ეფექტური და მოქნილი გახდეს.

„შუა დერეფანი ისეთ აქტიურ ფაზაში შევიდა და იმდენად მოთხოვნადია, რომ ამ გააქტიურებას მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი, რათა უფრო ეფექტური და მოქნილი გახდეს. ციფრები აჩვენებს, რომ ტვირთნაკადი ძალიან გაზრდილია და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მაჩვენებელი კიდევ უნდა გაიზარდოს. როგორც ვიცით, მთავრობა მუშაობს ლოგისტიკის პროგრამაზე, ტრანსპორტის გაფართოებაზე.

ჩვენთვის, მეზობლებისთვის და ზოგადად რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ბევრი ქვეყანაც ასე ფიქრობს და უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ყველა დაარწმუნა, რომ მათზე დამოკიდებულება ძალიან ცუდია, მათ შორის ამ სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებითაც“, - განაცხადა კვაშილავამ და ხაზი გაუსვა, რომ ანალიზი, მართლია, უკვე გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი დაკვირვებაა საჭირო რა შეიძლება გაკეთდეს და სად არის გამოწვევები, რომ შემდგომში სწრაფად გადაიჭრას.