ირაკლი ფავლენიშვილი: ევროპელი პარტნიორებისთვის ნიკა გვარამიას გათავისუფლება სიმპტომია იმის, რომ უფრო პოზიტიურად შეხედონ ჩვენს ევროპულ პერსპექტივას

ირაკლი ფავლენიშვილი: ევროპელი პარტნიორებისთვის ნიკა გვარამიას გათავისუფლება სიმპტომია იმის, რომ უფრო პოზიტიურად შეხედონ ჩვენს ევროპულ პერსპექტივას

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას გათავისუფლებით ქართული დემოკრატიის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ქართული დემოკრატიისთვის, ასევე ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის და ეს, რა თქმა უნდა, არის თავისთავად ქართული დემოკრატიისა და ჩვენი ევროპული გზის გამარჯვება. გვარამიას პატიმრობა როგორც სიმპტომი იყო ჩვენი ევროპული მომავლის საბოტაჟის, ასევე აღმოჩნდა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მისი გათავისუფლება სიმპტომი იმის, რომ უფრო პოზიტიურად შეხედონ ჩვენს ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ წინასწარ იცოდნენ. „ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ“, - განაცხადა კრამონმა.

კრამონის განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, მიუღებელია. ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამით ქვეყანაში პოლარიზაციას შეუწყო ხელი.