ნიკა გვარამია, რომელიც იყო ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ერთ-ერთი წყარო, გაათავისუფლა პრეზიდენტმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა დეპოლარიზაციის ინტერესს. შესაბამისად, ეს არის სწორედ 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიმართ გვარამიას შეწყალების გამო აგრესიულ კამპანიაზე საუბრისას.
„საზოგადოებას აქვს რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი პირდაპირ წავიდა საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ. მან ეს პირდაპირ გააკეთა და შეასრულა დავალება. თქვენ ნახეთ მისი გამომეტყველება და ხმა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას აცხადებდა. მას ჰქონდა ძალიან დიდი დისკომფორტი. რატომ? რადგან მოუწია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. დეტალებში არ შევალ. მას აქვს კონკრეტული ვალდებულებები კონკრეტული სუბიექტების მიმართ და სამწუხაროდ, ვალდებულება შეასრულა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ტყუილია, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციებით ნიკა გვარამიას გათავისუფლების ვალდებულება არსებობდა.
„ნიკა გვარამიას გათავისუფლება ვერავითარ კავშირში ვერ იქნება კანდიდატის სტატუსთან, პირიქით, გვარამიას გათავისუფლება პირიქით, პირველი პუნქტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რაც დეპოლარიზაციას გულისხმობს. გვარამია, რომელიც იყო ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ერთ-ერთი წყარო, გაათავისუფლა პრეზიდენტმა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა დეპოლარიზაციის ინტერესს. შესაბამისად, ეს არის სწორედ 12 პუნქტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი“, - განაცხადა კობახიძემ.