ლაშა თუთბერიძე „ჯორჯიან მანგანეზზე“: 2023 წლიდან ზარალიანობის გამო მთლიანად გაჩერდა საწარმო. მგონი ასეთ მდგომარეობაში მყოფი საწარმოსგან ხელფასის 40%-იანი მატების მოთხოვნა უბრალოდ მიუღებელია

ლაშა თუთბერიძე „ჯორჯიან მანგანეზზე“: 2023 წლიდან ზარალიანობის გამო მთლიანად გაჩერდა საწარმო. მგონი ასეთ მდგომარეობაში მყოფი საწარმოსგან ხელფასის 40%-იანი მატების მოთხოვნა უბრალოდ მიუღებელია

ჯორჯიან მანგანეზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ​ „ქრონიკაში“ ​მაღაროელების პროტესტზე ისაუბრა. მან განმარტა, რომ გაფიცვით ხელფასის მატების მცდელობები ჭიათურაში წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირებულა, 2021 წლიდან კი კომპანიის ახალმა მენეჯმენტმა პროფკავშირებთან ერთად მიაღწია კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც განსაზღვრავდა, რომ ხელფასის მატება მიბმული უნდა ყოფილიყო ცხოვრების გაძვირებაზე - საქსტატის წლიური ინფლაციის ინდექსზე.

თუთბერიძე ამბობს, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მაღაროელებს ხელფასი უკვე რამდენჯერმე მოემატათ და „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს.

„2023 წლიდან ზარალიანობის გამო მთლიანად გაჩერდა საწარმო. მაისის თვეში გადავწყვიტეთ მოწვეული სპეციალისტების დახმარებით საწარმოს ამოქმედება, მუშაობის დაწყება. მგონი ასეთ მდგომარეობაში მყოფი საწარმოსგან ხელფასის 40%-იანი მატების მოთხოვნა, მით უმეტეს ისეთი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც ჩვენ შრომით კოლექტივთან გვაკავშირებდა, უბრალოდ მიუღებელია.

კომპანიის შემოსავლიანობა არ განსაზღვრავს მის მომგებიანობას. შემოსავლიანობას კომპანიის ხარჯები უპირისპირდება. დღესდღეობით ჩვენი კომპანია მსოფლიო ბაზრის ფასებთან მიმართებაში არაკონკურენტუნარიანი და ზარალიანია. ცნობისათვის, ჭიათურის მანგანუმი თვითღირებულება თითქმის სამჯერ მეტია ვიდრე მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასები. შესაბამისად, წარმოება არაკონკურენტუნარიანი და არარენტაბელურია. ამ ფარგლებშიც ვახერხებდით სახელშეკრულებო ვალდებულებით გათვალისწინებულ ხელფასის მატებასაც. 2019 წელთან შედარებით, 2022 წლის მაჩვენებლით, საშუალო ხელფასის ზრდა არის 118%“, - განაცხადა თუთბერიძემ.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე მე-15 დღეა გრძელდება. ისინი ხელფასის 20%-ით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.