საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დებატების ეროვნულ ტურნირში ჩაერთო, რომელიც ხორციელდება პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დებატების კლუბები, რომლებიც იმსჯელებენ საქართველოში სასმელი წყლის საკითხებზე. დებატების ტურნირის ფინალური ეტაპი 27-28 ივნისს გაიმართება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებისა და დებატებში მონაწილეთა ინფორმირებულობისათვის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თემურ ლოჩოშვილმა წყალმომარაგების რეგულირების საკითხები გააცნო პროექტის 800-ზე მეტ მონაწილეს, რომლებშიც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.
წყალმომარაგების საკითხებზე მოდებატეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ დამატებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სემეკის წარმომადგენლები მონაწილეებს წყალმომარაგების სატარიფო პოლიტიკასა და ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიას გააცნობენ.