ვინ არის ქრისტინე ტალახაძე, ქალბატონი, რომელმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში პერფორმანსი დადგა და დეპუტატებს თავზე რუსული რუბლები გადმოაყარა? ინციდენტი უკვე შეფასდა როგორც ბინძური პროვოკაცია, ითქვა ისიც, რომ შშმ ბავშვების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, ამორალურია.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი ერთ-ერთ რესტორანში დაიგეგმა, რომლის მფლობელიც ქრისტინე ტალახაძეა, ამ პროვოკაციის უკან კი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი და რუსული რუბლების სკანდალთან დაკავშირებული ელენე ხოშტარია დგანან.
ის, რომ ქრისტინე ტალახაძე რესტორნის მფლობელია, სოციალურ ქსელში რესტორნის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოშიც ჩანს. „ქრონიკა“ დღეს რესტორან „ეზოში“ მივიდა, თუმცა თანამშრომლების თქმით, ხელმძღვანელები ადგილზე არ იყვნენ და „იმედთან“ საუბრის სურვილი ისედაც არ ექნებოდათ.