მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაც მორალურ ზღვარს არ გავცდეთ ხოლმე, მაგრამ ხშირად ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორებია, გვიწევს ამ პროვოკაციაზე პასუხი, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტზე განაცხადა.
„ძალიან რთულია ამ ვითარებაში დეპოლარიზაციაზე საუბარი. მაშინ, როდესაც ჩვენს მიმართ დეპოლარიზაციის მოთხოვნა დგას, ამის პარალელურად დემოკრატიის ისეთ მექაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ძალიან პოლარიზებულია პოლიტიკა. მთავარი ისიც არ არის გარედან რას ითხოვენ, მთავარია ჩვენ მართლა შევძლოთ იმ დონეზე დაყვანა ამ დუღილის პროცესის, რომ მინიმუმ ლაპარაკი შეგვეძლოს, თორემ ასე თუ გაგრძელდა და მეტი პოლარიზაციისკენ წავედით, სადღაც ეს ძაფი გაწყდება და შეიძლება უბედურება დატრიალდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაღაც მორალურ ზღვარს არ გავცდეთ ხოლმე, მაგრამ ხშირად ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორებია, გვიწევს ამ პროვოკაციაზე პასუხი და ეს პასუხიც პირადად ჩემთვის შეიძლება არ იყოს მისაღები და ამის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილიყავით არასდროს, მაგრამ უპასუხოდ დატოვებაც პრობლემა ხდება ხოლმე და გამოდის მერე კონფლიქტი. ეს კონფლიქტი სადღაც თუ არ ჩავკეტეთ და რაღაც ზღვარს გადავცდით, ძალიან რთული იქნება ამ ყველაფრის უკან მობრუნება. მგონია, რომ ყველამ უნდა დაიცვას კანონი და მინიმუმ, უნდა დაიცვას რაღაც ზნეობრივი ბარიერი სხვასთან ურთიერთობაში, რომ ეს პროცესები უმართავი არ გახდეს“, - განაცხადა დავითულიანმა.
პარლამენტის სასესიო დარბაზში 14 ივნისს ინციდენტი მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სხდომის დროს დარბაზში რუსული რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.