თუ დავანახებთ გლობალური ომის პარტიას, რომ ქვეყნის შიგნით არის სიმყარე, ამ შემთხვევაში გაიზრდება ჩვენი შანსები, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს. იმავეს გავიმეორებ - რა თქმა უნდა, შანსები არის 50/50-ზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა რისკები ისევ მაღალია. 27 ქვეყნიდან საკმარისია ერთს ათქმევინო უარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და უკვე ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. აქედან გამომდინარე, გლობალური ომის პარტიისთვის ძალიან მარტივია მანიპულირება ევროკავშირის გადაწყვეტილებების სფეროში. შესაბამისად, რისკები არის მაღალი. თუმცა, ჩვენ თუ დავანახებთ გლობალური ომის პარტიას იმას, რომ ქვეყნის შიგნით არის სიმყარე, ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ქვეყნის შიგნით - ეს უნდა აჩვენოს გლობალური ომის პარტიას როგორც ხელისუფლებამ, ასევე საზოგადოებამ. ამ შემთხვევაში, გაიზრდება ჩვენი შანსები, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მაქვს იმედი, რომ ჩვენ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, - განაცხადა კობახიძემ.