გუშინ, როდესაც დეოლიგარქიზაციის საკითხი გადიოდა, რადიკალური ოპოზიციიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთადერთი დეპუტატი იყო წარმოდგენილი. ეს აჩვენებს, თუ როგორია მათი დამოკიდებულება 12 რეკომენდაციისა და კანდიდატის სტატუსის მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოვუხადოთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ პარლამენტის სამუშაო რეჟიმი ვერ მოვარგეთ მათი დასვენების რეჟიმს. თურმე ისვენებდნენ, როდესაც დღის წესრიგში იყო შეტანილი ეს საკითხი. კეთილი უნდა ინებოს ყველა დეპუტატმა და უნდა დაესწროს ბოლომდე პარლამენტის მუშაობას. გუშინ, როდესაც ეს საკითხი გადიოდა, რადიკალური ოპოზიციიდან დარბაზში ერთადერთი დეპუტატი იყო წარმოდგენილი. ეს აჩვენებს, თუ როგორია მათი დამოკიდებულება 12 რეკომენდაციისა და კანდიდატის სტატუსის მიმართ. ამ კანონის მიღება ჩვენი იდეა არ ყოფილა - ეს იყო ევროკომისიის იდეა და 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი. თუ ევროკომისია გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, რომ პერსონალიზებული კანონი არ არის საჭირო და ამოიღებს 12 პუნქტიდან ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ“, - აცხადებს კობახიძე.
81 ხმით პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მხარე ცდილობს ერთგვარი შუალედური პოზიცია დაიჭიროს ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს შორის.