ჩვენ ვდგავართ უკრაინის სახელმწიფოს, ხალხის გვერდით და გამარჯვებას ვუსურვებთ ამ მძიმე ბრძოლაში - არახამია უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს, მისი ჭკუის სასწავლებელი ქართველ ხალხს, საქართველოს და მის ხელისუფლებას არაფერი სჭირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ რუსული აქტივები, რომელიც მთელ მსოფლიოში არის გაყინული, უკრაინის აღდგენას მოხმარდება და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა.
ღუდუშაური არახამიას ურჩევს, სათქმელი ქართულ ენაზე უთხრას საქართველოს.
„არახამიას ვუპასუხებდი, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, ქართველი ხალხი არის ამაყი, დიდი ისტორიის მქონე და არახამია, სანამ საქართველოს და მის ხელისუფლებას რაიმეს ურჩევს და მტკიცებით ფორმაში ჭკუას დაგვარიგებს, იქნებ ეს გვითხრას ქართულად.
ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებით, ჩვენი პოზიცია მკაფიოა. ჩვენ ვდგავართ უკრაინის სახელმწიფოსთან და უკრაინელ ხალხთან ერთად, ვუსურვებთ უკრაინას ამ მძიმე ბრძოლაში გამარჯვებას, უკრაინელ ხალხს გამარჯვებას ვუსურვებთ და დროულ სტაბილურ მშვიდობას, როგორიც არის უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს ერთობაში და მათ ინტერესებში. თუმცა, არახამია არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და უკრაინას მთლიანად. მისი ცალკეული შეფასებები, სუბიექტური მოსაზრებები ყველასთვის ცნობილია და მისი ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.