პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ პარლამენტი მიიღებს კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ იმ სახით, რაც რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული, თუმცა მხოლოდ მომავალი წლის პირველი მარტიდან აამოქმედებს, რადგან დაელოდება ევროკავშირის მოსაზრებას კანონთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„ის, რაც წერია ამ [ვენეციის კომისიის] დასკვნაში, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით იქნა წარმოდგენილი, მოდის გარკვეულწილად წინააღმდეგობაში იმ მოთხოვნასთან, რომელსაც ევროკავშირი აყენებს 12-პუნქტიან გეგმასთან მიმართებაში. ჩვენ ძალიან მარტივად ვართ მზად, რომ ქვეყნის ევროპული პროგრესის თვალსაზრისით გადავდგათ შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები. ამის დასტური იყო თუნდაც ის, როდესაც მიღებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის წინადადებები პირველად მივიღეთ, შემდგომში ეს ყველაფერი ავსახეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გადავაგზავნეთ იმისთვის, რომ თავი დაგვეზღვია და არ დარჩენილიყო რაიმე სპეკულაციის შესაძლებლობა. ოპოზიციის მცდელობა, რომ პერსონიფიცირება მომხდარიყო ამ კანონპროექტის მეშვეობით, აბსოლუტურად უარყოფილია ვენეციის კომისიის კუთხით. ოპონენტების მხრიდან მცდელობა, რომ ეს დასკვნა წარმოაჩინონ როგორც უარყოფითი დასკვნა „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული საქმიანობის მიმართ, არის სრულიად აბსურდული, რადგან ეს დასკვნა არის აშკარად პოზიტიური. რეალურად ჩვენი პარტნიორები, ეს იქნება ევროკავშირი, ვენეციის კომისია, თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორები, ხედავენ, რომ ხელისუფლება მზად არის, ყველა კონკრეტულ მიმართულებაზე გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, რაც პირველ რიგში განპირობებულია იქითკენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. თქვენ იცით, რომ ოქტომბერში ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელზე დაყრდნობითაც უკვე დეკემბერში ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად ვასრულებთ ყველა პუნქტს გარდა ერთისა, სადაც ოპოზიციის როლი იკვეთება, რომ დეპოლარიზაციისკენ არაფერი ნაბიჯი გადაუდგამთ, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს. ვაპირებთ, რომ ყველა იმ შესაბამისი დათქმით, რომელიც წარმოვადგინეთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამ კონტექსტში მივიღოთ კანონი საბოლოო სახით და ავამოქმედოთ შემდეგი წლის პირველი მარტიდან. თუ ევროკავშირი გვეტყვის, რომ ამის საჭიროებას ვეღარ ხედავენ, ამ კუთხით შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ“, - განაცხადა მიქანაძემ „ქრონიკაში“.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს.