ეს კანონი თავიდანვე სრული აბსურდი იყო, წინააღმდეგ მივეცით ხმა. მარტო უკრაინას ჰქონდა და უკრაინაშიც აბსურდი იყო, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
„ვენეციის კომისიის დასკვნა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პროგნოზირებადი გახდეს ზოგადად ევროპელებისა და დიპლომატების პოზიცია, რადგან ისინი პირიქით მოგვიწოდებდნენ, რომ ამ კომისიის დასკვნას დავეყრდნოთ. აგერ, ეს დასკვნა დევს და გამოვიწვიოთ ეს კანონპროექტი“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს.