არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის. თუ ევროკომისია და ვენეციის კომისია ერთმანეთში შეთანხმდებიან, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიცაზიის კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია მეორეს. ახლა რა იგულისხმება ამაში - ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმა უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. რაც შეეხება ევროკომისიას, ის ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ, ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე და თვითონ სიტყვაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ამიტომ გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას.
როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ მისი 12 პუნქტიდან, ჩვენ მაშინვე გავაუქმებთ იმ კანონს, რომელსაც ამ თვის ბოლომდე სამი მოსმენით მივიღებთ. სწორედ ამისათვის, ჩვენ კანონის ამოქმედების ვადას 1-ელ მარტამდე გადავწევთ. თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ამ შემთხვევაში თებერვალში ჩვენ მიერ მიღებული კანონი გაუქმდება, მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონის ამოქმედება მოგვიწევს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ კანონპროექტი არსებული ფორმით არ უნდა იყოს მიღებული და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი ოლიგარქიზაციის პრობლემის არც დემოკრატიულ და არც ეფექტურ პასუხად არ შეიძლება განიხილებოდეს.