შემოსავლების სამსახურმა „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების შეხვედრას უმასპინძლა

შემოსავლების სამსახურმა „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების შეხვედრას უმასპინძლა

 9-10 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ წევრი ქვეყნების საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრას უმასპინძლა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს - აზერბაიჯანის, ჩინეთის, ყაზახეთის ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და კორეის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა. ამასთან, სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებს,  ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), ასევე აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) და  აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები (ADB).

აღნიშნული შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:  „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის“ ერთიანი სატრანზიტო სისტემები,  ციფრული საბაჟო, ერთიანი ფანჯრის პრინციპის დანერგვისა და ელექტრონული ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი,   ასევე 2023 – 2024 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გამოწვევები  და სხვა.

შეხვედრას, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა, ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი,  სამსონ ურიდია და უწყების სხვა სტრუქტურული ერთეულის  პასუხისმგებელი პირები.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები  თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ესტუმრნენ და საქონლის გაფორმების გამარტივებულ პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.