ირაკლი კობახიძე: ზურაბ ჯაფარიძე იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დღეს აქვს საპირისპირო პოზიცია, თუმცა მისგან ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა არ გვიკვირს, რადგან ის არის უცხოელი აგენტი

ირაკლი კობახიძე: ზურაბ ჯაფარიძე იდიოტს უწოდებდა ყველას, ვინც უარს იტყოდა რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დღეს აქვს საპირისპირო პოზიცია, თუმცა მისგან ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა არ გვიკვირს, რადგან ის არის უცხოელი აგენტი

ზურაბ ჯაფარიძე არის უცხოელი აგენტი და მისგან ასეთი ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა არ გვიკვირს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე არის ბოლშევიკური „ტროიკის“ შემადგენელი ნაწილი. ხოშტარია, ვაშაძე და ის მუდმივად აპროტესტებენ გარკვეულ საკითხებს რაც უკავშირდება რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამ დროს ხოშტარია პირადად იღებს რუსულ რუბლებს, ხუთი მილიონი რუბლი ჩაერიცხა ბოლო პერიოდში რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გახსოვთ, რომ ვაშაძეს ჰყავდა რუსეთის მოქალაქე, რუსი მდგმური საკუთარ ბინაში. ასეთი ადამიანებისგან ასეთი ფარისევლური განცხადებები არ გვიკვირს. რაც შეეხება, ჯაფარიძეს, ის თავის დროზე იდიოტს უწოდებდა ყველას ვინც უარს იტყოდა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და დღეს აქვს რადიკალურად საპირისპირო პოზიცია. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან უბრალოდ აგენტები და დაკვეთის მიღებები. თავის დროზე მათ ჰქონდათ განსხვავებული დავალება, უნდა დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთთან, დღეს აქვთ განსხვავებული დავალება, რომ ხელი შეუწყონ ესკალაციას და ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ ვითარებას. ზურაბ ჯაფარიძე არის უცხოელი აგენტი და მისგან ასეთი ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა არ გვიკვირს“, - განაცხადა კობახიძემ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 2011 წელს განაცხადა:

„თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, ეს იქნება ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ქართული ბაზრისთვის და მათ შორის ბევრი ადამიანის დასაქმების წყაროც გახდება, ძალიან იდიოტი ქვეყანა უნდა იყოს დღეს ზოგადად, რომ ექსპორტი აუკრძალოს თავის მოქალაქეებს ნებისმიერ ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს, გინდა რუსეთი იყოს, გინდა ნებისმიერი ქვეყანა“, - ამბობდა ზურაბ ჯაფარიძე.