ხაბეიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს თვითმკვლელობა შესთავაზა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებულიყვნენ. კარგია, თუ პატარა ოპოზიციური პარტიები ამ შეთავაზებას არ მიიღებენ, რადგან მათთვის ეს იქნებოდა სერიოზული პოლიტიკური მარცხი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
„რაც შეეხება მესამე ალტერნატიული ცენტრის შექმნას, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, რადგან ბოლო წლებში რასაც ვხედავთ, „ლელო" არათუ ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას", არამედ კიდევ უფრო მეტად აგრესიული ქმედებებით გამოირჩევა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა". სწორედ „ლელო"-ს წევრები არიან ის ადამიანები, ვინც დედაქალაქ-დედაქალაქ დადიან და საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინარმდეგ გამოდიან. თუ ისინი ამ ყველაფერს თავისი ქმედებით დაადასტურებენ, მაშინ შეიძლება მათ მართლაც შეძლონ პატარა ალტერნატივის შექმნა. მათ კარგად დაინახეს, რომ „ნაცმოძრაობასთან" აფილირება ნიშნავს ამომრჩევლის დაკარგვას, რადგან ეს არის ტოქსიკური ორგანიზაცია, ვისთანაც არანაირი კავშირი არ შეიძლება ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
„ლელომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნა გადაწყვიტა და ალტერნატიული გაერთიანების შექმნას აანონსებს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები ისეთი გაერთიანების შექმნაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.