ელენე ხოშტარია გამოირჩევა მოწოდებებით, თითქოს რუსული ბიზნესის შემოსვლა დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, პარალელურად, რუსულ რუბლებს ურიცხავენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ამ ადამიანების ნამდვილი სახე.
„ჩვენ ვისმენდით ამ ადამიანის განცხადებებს 2012 წლამდე, როგორ მოუწოდებდა და მიესალმებოდა, თუნდაც რუსი ტურისტების, რუსული ბიზნესის შემოსვლას, თუმცა დღეს გამოირჩევა მოწოდებებით, თითქოს ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. პარალელურად, რუსეთიდან პირდაპირ რუსულ რუბლებს ურიცხავენ. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ამ ადამიანების ნამდვილი სახე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.