დავით კეზერაშვილი ცდილობდა, როგორ შეელახა ქვეყნის რეპუტაცია, თუმცა საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ხვდება არსებულ რეალობას, იგივე ხდება ახლა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„კეზერაშვილი გამოვლენილია კონკრეტულ თაღლითობებში, ამაზე საერთაშორისო გამოძიებაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, „ბიბისის“ ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, უამრავი გაუბედურებული ადამიანია და ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი გახლდათ კეზერაშვილი.
ამაზე საუბრობენ, ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. ეს ადამიანი ცდილობს, რომ როგორმე, როგორც „მიშა კვდებას“ თემა იყო და ამაში უზარმაზარი ფული დახარჯეს, რათა შეელახათ ქვეყნის რეპუტაცია, გაეშავებინათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ხვდება არსებულ რეალობას და რა თქმა უნდა, მათ არაფერი გამოუვიდათ, იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.