მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობას“ რამდენად აქვს რესურსი ან მორალური უფლება, ვინმე დაიბაროს ჭკუის დასარიგებლად და სამეცადინოთ, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით კითხვები ლეგიტიმურად იარსებებს

მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობას“ რამდენად აქვს რესურსი ან მორალური უფლება, ვინმე დაიბაროს ჭკუის დასარიგებლად და სამეცადინოთ, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით კითხვები ლეგიტიმურად იარსებებს

„ნაციონალური მოძრაობას“ რამდენად აქვს რესურსი ან მორალური უფლება, ვინმე დაიბაროს ჭკუის დასარიგებლად და სამეცადინოთ, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით კითხვები ლეგიტიმურად იარსებებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში ჩართვისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ ოპოზიციისთვის გაკეთებულ შეთავაზებაზე.

„ნაციონალური მოძრაობაში“ თუ რეალობას სწორად შეაფასებენ და ახლა მაინც დაიწყებენ ამის გაკეთებას, ვფიქრობ, მათთვისვე უკეთესი იქნება. ამ პარტიისგან დარჩენილია ნანგრევები და დაპირისპირებას, რასაც ვადევნებთ თვალს, სინამდვილეში ეს არის ამ ნანგრევების განაწილების შესაძლებლობა. დაინგრა ის შენობა, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ვიღაც ცდილობს, შიფერი გაინაწილოს და ვიღაცამ ნანგრევი აგური. ამაზეა საუბარი და ახლა ყველაფერი ამის ირგვლივ ტრიალებს.

რაც შეეხება მოწოდებას, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში აქტუალურად უდგათ საკითხი, როგორმე შეინარჩუნონ დომინანტის როლი ოპოზიციაში. ამდენად, ის განცხადება, რომ იწვევენ ოპოზიციას კონსულტაციებსა და ჭკუის დასარიგებლად, გარკვეული პარტიები ამას სიხარულით გამოეგება, ეს სინამდვილეში დემონსტრირებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში კვლავ დომინანტი ძალაა.

ასევე, საგანგებოდ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუკი კონტექსტს გაითვალისწინებენ, დღეს „ნაციონალური მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს ის მდგომარეობა, პარტიის ნგრევის, ჩატარებული არჩევნების გათვალისწინებით და დღემდე მიმდინარე უმწვავესი პოლემიკის გათვალისწინებით. დღე არ გავა, რომ არ გამოვიდეს ერთი ან მეორე ჯგუფი და ერთმანეთზე კატასტროფებს ლაპარაკობენ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.