ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული გერმანიიდან, რომლებმაც უნდა შეაფასონ თუ რა სიტუაციაა საქართველოში. ისინი მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით კი არ უყურებენ და აფასებენ 12 - პუნქტიანი გეგმა როგორ სრულდება, არამედ აფასებენ მთლიანად პოლიტიკურ გარემოსა და ატმოსფეროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათი შეფასებების ფონზე, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება ძალიან რთული იქნება, ამიტომ სთხოვს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კარი საბოლოოდ არ დაიკეტოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული გერმანიიდან, რომლებმაც უნდა შეაფასონ თუ რა სიტუაციაა საქართველოში და ისინი მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით კი არ უყურებენ და აფასებენ 12 პუნქტიანი გეგმა როგორ სრულდება, რომელიმე კანონში რაღაც ცვლილება შევიდა თუ არა, არამედ ისინი უყურებენ მთლიანად პოლიტიკურ გარემოს, ატმოსფეროს. ისინი აფასებენ, რომ პოლიტპატიმრები და მიშა სააკაშვილი ისევ ციხეში სხედან და არ ეძლევათ საშუალება თავისუფლების და პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყვნენ. ძალიან რთული იქნება საქართველოსთვის იმ შედეგის დადება და კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც ძალიან გვინდა. ჩვენი მთავარი სათხოვნელი პარტნიორებისთვის ამ ეტაპზე არის ის, რომ საქართველოს კარი ევროინტეგრაციის გზაზე საბოლოოდ არ დაიკეტოს. სანამ ჩატარდება არჩევნები, მანამდე გვქონდეს დრო იმის, რომ „რუსული ოცნების“ ხელისუფლება გავუშვათ ოპოზიციაში, საქართველოს რეალურად შემობრუნდეს რეფორმებისკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ და ამის შემდეგ იმსჯელონ ბრიუსელმა და ჩვენმა კოლეგებმა იმის თაობაზე, თუ რამდენად გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.