მიხეილ სარჯველაძე: გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აღსასრული გარდაუვალია

მიხეილ სარჯველაძე: გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აღსასრული გარდაუვალია

ადამიანები, ვისაც კარგად ახსოვთ რა ტიპის მმართველობასთან გვქონა საქმე, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაფასებთ, მგონი ნათელია, რომ ეს იყო ძალიან რბილად გაკეთებული შეფასება, თუმცა, აღიარება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს.

„ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ეს იყო პოლიტიკური პარტია, რომელიც მართავდა სახელმწიფოს, მოგვიანებითაც იგივე ინსტრუმენტებით, რომ მათ არსენალში რა იარაღებიც მოიძებნება, ეს არის რეპრესიული, ძალადობრივი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გამთელავი მეთოდების ერთობლიობა. იგივე ტიპის მმართველობაა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური აღსასრული გარდაუვალია. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია აღარ არსებობს“, - აცხადებს სარჯველაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა ღვივდება - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება.

„ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმ-ს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას”, - აცხადებს მელია. მისი განცხადებიდან ისმის ერთგვარი აღიარებაც, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანების უფლებები და მოსახლეობა იჩაგრებოდა. „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ უკან ისევ იმ ადამიანებს ხედავს, ვის გამოც პარტიამ 2012 წლის არჩევნები წააგო.