პოლონეთის პრეზიდენტი: პუტინს არცერთი ომი არ წაუგია, იმედი მაქვს, რომ ის ამ ომს წააგებს, თუმცა ამ დროისთვის რუსული სატკეპნი უკრაინას აწვება, ფრონტზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება

პოლონეთის პრეზიდენტი: პუტინს არცერთი ომი არ წაუგია, იმედი მაქვს, რომ ის ამ ომს წააგებს, თუმცა ამ დროისთვის რუსული სატკეპნი უკრაინას აწვება, ფრონტზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება

დღეს ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინმა ომი წააგო და მისი დამარცხება ის არის, რომ ფინეთი ნატოში გაწევრიანდა, თუმცა წლების განმავლობაში, ფინეთის საზოგადოება ყოყმანობდა, ეთქვა თუ არა უარი ნეიტრალიტეტზე, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ.

„ვლადიმირ პუტინს არცერთი ომი არ წაუგია. იმედი მაქვს, რომ ის ამ ომს წააგებს. თუმცა, ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც რუსული სატკეპნი უკრაინას აწვება, ფრონტზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება. რუსეთის მოსახლეობა 100 მილიონზე მეტია, უკრაინის - 40 მილიონზე ნაკლები. მხოლოდ ეს განსხვავება აჩვენებს, თუ ვის აქვს უპირატესობა. რუსებისთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, უკრაინელებისთვის კი ყოველ სიცოცხლეს ოქროს ფასი აქვს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

„რუსეთი ბირთვული ძალაა, მას იარაღის გიგანტური მარაგები აქვს და რა არის სასაცილო იმაში, რომ 60-იანი წლების ტანკები გამოჰყავს, როდესაც თითოეული ტანკი 50-60 ტონას იწონის, თუ ის მოძრაობს, გაგჭეჭყავს, მიუხედავად იმისა, თანამედროვეა თუ არა“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანდჟეი დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი ომს წააგებს, როდესაც რუსული არმია უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან უკან დაიხევს.