ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მწვავე გამოსვლამ 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გაანაწყენა.
„ნაცმოძრაობის“ მომხრეებიც კი ამბობდნენ, რომ 26 მაისს არ იყო ასეთი განცხადებების დრო, სულ რომ ობიექტური ყოფილიყო, აღარ ვლაპარაკობ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვთხოვეთ თავის დროზე მხარი დაეჭირათ სალომე ზურაბიშვილისთვის. ჩვენ მიმართ საყვედურებზე აღარ ვსაუბრობ. კამერის წინ იშვიათად ამბობენ ხოლმე პოლიტიკოსები ასეთ დეტალებს, მაგრამ დღეს მელაპარაკებოდა ჩემი ერთ-ერთი კოლეგა, რომ დედაჩემი ორი დღე არ მელაპარაკებოდა 26 მაისის შემდეგ, მეუბნებოდა ვისთვის მიმაცემინე ხმაო. ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით, მართლა შედგა ასეთი საუბარი, თუმცა სერიოზულად თუ ვიტყვით, მართლაც გვსაყვედურობენ ჩვენი მომხრეები ამ გამოსვლის შემდეგ და კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ თავის დროზე ეს [არჩევნების დროს პარტიის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა] იყო ცუდი არჩევანი“, - განაცხადა მდინარაძემ.