ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. დემარშით ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, მოითხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო - ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი: არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. დემარშით ჩვენი მხრიდან, პრაქტიკულად, მოითხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო - ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი: არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც აქვს ორი მიზეზი. ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას და სანქციებს ექნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, უმძიმესი ეკონომიკური შედეგები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისი თქმით, პირველ რიგში, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული და ვერ დაუშვებენ ესკალაციის გაღრმავებას.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ელჩები იყვნენ მისული ეკონომიკის მინისტრთან, ე.წ. დემარშით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს. ამ ე.წ. დემარშით, პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან მოითხოვეს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება, რაც იყო პრინციპში ერთგვარი სიურპრიზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული და ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება და მეორე, ეკონომიკური კუთხით, რა თქმა უნდა, სანქციებს ექნებოდა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, უმძიმესი შედეგები. არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როცა სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდით. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ 200-300 მილიონად ვყიდით ღირსებას. პირველ რიგში, ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად, ამას ხაზი უნდა გაესვას, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიდგომა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. როცა არის საუბარი ციფრებზე, აქ არ არის საუბარი 200-300 მილიონზე, აქ საუბარია ბევრად უფრო მეტზე. მინდა შეგახსენოთ ეკონომისტების დათვლები ამასთან დაკავშირებით - რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვით, დავსჯიდით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას,“- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, 200 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა პირველივე წელს სანქციების დაწესების პირობებში.

„ვარდნა გვექნებოდა, მინიმუმ, 10%-იანი და შეიძლება ყოფილიყო -18%, რაც თანხებში ნიშნავს შემდეგს, 2.5 მილიარდი დოლარიდან - 4.5 მილიარდ დოლარამდე დაკარგავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. საუბარია კატასტროფულ შედეგებზე ჩვენი ქვეყნისთვის, ნულოვანი იქნებოდა ეკონომიკური ზიანი და მათ შორის, პოლიტიკურიც რუსეთის ფედერაციისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეკონომიკური ზიანი იქნებოდა უმძიმესი. ვინ დაგვიკომპენსირებდა ამ თანხას? მაშინ როცა ევროკავშირისა და ამერიკის დაფინანსება სულ, წლიური, არის 200 მლნ დოლარი. ეს არ არის მთლიანად დახმარება, აქედან უდიდესი ნაწილი ხმარდება "ენჯეოების" დაფინანსებას, რასაც წვლილი არ შეაქვს ეკონომიკაში, დიდი ნაწილი კი ბრუნდება უკან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს თანხა ვერ დააკომპენსირებდა იმ დანაკლისს, რაზეც გვაქვს საუბარი, 2.5. მლრდ დოლარზე. მოდით, ვკითხოთ ხალხს, შეიძლება ხალხი თანახმაა ამ 2.5 მლრდ დოლარის დაკარგვაზე. ვკითხოთ აჭარაში ჩვენს მოქალაქეებს, უნდათ, რომ შვილებს დაუტოვონ ვალები, მიიღონ უმძიმესი ეკონომიკური შედეგები, მათ შვილებს შერჩეთ მამუკა ხაზარაძის ვალები, რომელიც დღეს ასე აქტიურად ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის. ასევე, კახეთში ვკითხოთ ფერმერებს, უღირთ თუ არა მათ მთელი წლის შემოსავლის გაშვება, მოსავლის გაფუჭება და კრედიტების დატოვება საკუთარი შვილებისთვის?! 200 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგებოდა პირველივე წელს სანქციების დაწესების პირობებში. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, სურთ თუ არა საკუთარი სამუშაო ადგილების დაკარგვა, შემოსავლების შემცირება და ა.შ. საუბარი არის არა მარტივ შედეგებზე, საუბარია უმძიმეს შედეგებზე. ნულოვანი ზიანი რუსული ეკონომიკისთვის და იქნებოდა უმძიმესი შედეგები ქართული ეკონომიკისთვის. ასევე, არის სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, კანდიდატის სტატუსი იქნებოდა კომპენსაცია ამ ყველაფრისთვის. მოლდოვამ შარშან მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის სხვაობა ჩვენს სასარგებლოდ იზრდება 8 მლრდ დოლარით. აქედან ჩანს, რომ ესეც არის ცარიელი სპეკულაციები და არავითარი კავშირი კანდიდატის სტატუსსა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. რომ შევაჯამოთ, ვერ დავუშვებთ ესკალაციას და მეორე ფრონტისკენ ნაბიჯების გადადგმას და ვერ დავუშვებთ ეკონომიკურად საკუთარი ხალხის დასჯას“, - განაცხადა კობახიძემ.