გია ვოლსკი პრეზიდენტზე: ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ურთიერთობების გარჩევის დროს, არ შეიძლება იმ პლატფორმაზე აღმოჩნდე, სადაც ვთქვათ, ლევან ხაბეიშვილი დგას

გია ვოლსკი პრეზიდენტზე: ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ურთიერთობების გარჩევის დროს, არ შეიძლება იმ პლატფორმაზე აღმოჩნდე, სადაც ვთქვათ, ლევან ხაბეიშვილი დგას

არ შეიძლება იმ პლატფორმაზე აღმოჩნდე, სადაც ლევან ხაბეიშვილი დგას - მათთან, ვინც 2018 წელს მხარი დაუჭირა, გარკვეული წინააღმდეგობები იმ ხასიათის გამო შეიქმნა, რომელზეც პასუხი მივიღეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს უპასუხა.

მისივე თქმით, მიუხედავად დაპირისპირებისა, უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს და არავის უნდა მისცენ საშუალება, რომ "პრეზიდენტის ინსტიტუტი გააქრონ საკონსტიტუციო ველიდან".

"როცა საკითხი ეხება პრეზიდენტის ფუნქცია- მოვალეობებს, უნდა გვახსოვდეს, რომ კონსტიტუციურად ყველას პრეზიდენტია. ძალიან მცირე ჯგუფი არსებობს ევროსკეპტიკოსებისა, უფრო დიდი ჯგუფი არსებობს ასეთი საფრანგეთში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაკრონი უარს აცხადებს მათ პრეზიდენტობაზე. ჩვენ, ევროინტეგრაციის არათუ მხარდამჭერი, არამედ წარმმართველი ძალა, გარკვეული შეხედულებების მიუხედავად, ვდგავართ ამ პოზიციაზე და პრეზიდენტმა ეს უნდა გაითვალისწინოს. ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ურთიერთობების გარჩევის დროს, არ შეიძლება იმ პლატფორმაზე აღმოჩნდე, სადაც ვთქვათ, ლევან ხაბეიშვილი დგას, მითუმეტეს, ვერც ახალ პლატფორმაზე მოიპოვა მხარდაჭერა - რაც გინება და ლანძღვა იყო, იგივე რეჟიმია დაახლოებით, ამ დროს იმ ხალხთან, ვინც 2018 წელს სერიოზულად მხარი დაუჭირა, გარკვეული წინააღმდეგობები შეიქმნა, იმ ხასიათის გამო, რომელზეც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ პასუხი. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა გარკვეული ზარალი განიცადა, რაც დაუშვებელია," - განაცხადა ვოლსკიმ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა სურთ - ერთია, ხოლო ქმედებით მეორეს ვუყურებთ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება არ მოქმედებს.

იქამდე "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას“.

როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამასთან განმარტავენ, რომ ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, რომ არავის მისცენ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.