ომის დასრულების ისეთი ვარიანტები, რომლებიც უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას არ ითვალისწინებენ, დემოკრატიის მარცხის აღიარებისა და პუტინის რეჟიმის კონსერვაციის ტოლფასია, - ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.
„ნებისმიერი „კომპრომისული სცენარი“, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლებას და რომლის შესახებაც პერიოდულად საუბრობენ „ანონიმური წყაროები“ ევროპულ და ამერიკულ ელიტებში, დემოკრატიის მარცხის აღიარების, რუსეთის გამარჯვების, პუტინის რეჟიმის კონსერვაციის და, შედეგად, გლობალურ პოლიტიკაში კონფლიქტების მკვეთრი მატების ტოლფასია. ეს ყველაფერი რუსეთის ოცნებას წარმოადგენს. რიტორიკული კითხვა: რატომ აგრძელებენ ცალკეული საჯარო სუბიექტები „რუსული მედიასცენარის“ გათამაშებას?“ - წერს პოდოლიაკი.
26 მაისს გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროპის ქვეყნებში ვიზიტების დროს ჩინეთის სპეცწარმომადგენელი ლუ ჰუეი მოუწოდებდა ევროპელ ლიდერებს, უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ უბიძგონ იმ პირობით, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება.