ბექა ოდიშარიამ საქართველოს დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ დიასპორული კვირეულის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

ბექა ოდიშარიამ საქართველოს დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ დიასპორული კვირეულის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ დიასპორული კვირეულის (22-27 მაისი) ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

23 მაისს გაეროს შტაბ-ბინაში ბექა ოდიშარია აშშ-ს დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და გაეროს სხვადასხვა მისიებს შეხვდა, სადაც  საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და დიასპორულ პრობლემატიკაზე იმსჯელეს.
25 მაისს - მანჰეტენზე "გრინ ბოულინგ" პარკში (Green Bowling Park) საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის აღმართვის  ცერემონია გაიმართა, რომელსაც  ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ გაუწია ორგანიზება.

ღონისძიებაზე, ბექა ოდიშარიამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მიულოცა დღესასწაული, ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში, ემიგრანტების რთულ გზაზე და  განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ის საფრანგეთის ქართული ისტორიული ემიგრაციის წარმომადგენლების  და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი პიტავას (ფსევდონიმი-„სანდრო ბარათელი'') პირდაპირი შთამომავალია.
ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას და მათ, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისათვის კეთილი ნების ელჩები უწოდა.
დეპუტატმა, ასევე მადლიერება გამოხატა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიმართ აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებისთვის და დიასპორის თითოეულ წევრზე ზრუნვისთვის.
ბექა ოდიშარიამ გულითადი მადლობა გადაუხადა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ქართული დიასპორისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვისთვის და მათი საჩუქარი - პატრიარქის მიერ ნაკურთხი ჯვრები გადასცა დიასპორის წარმომადგენლებს.
„1992 წელს დამოუკიდებლობის აღდგენით, ჩვენი დროშა გაერო-ს შტაბ-ბინაში ამაყად ფრიალებს და საქართველო გაეროში გაწევრიანდა. დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როცა ეს ძლიერი და ლამაზი დროშა მშვიდობიანად დაუბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს სოხუმსა და ცხინვალში", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.