ხატია დეკანოიძე: არ ვურჩევდი პოლიტიკურ კორუფციაზე საუბარს „ნაციონალურ მოძრაობას“

ხატია დეკანოიძე: არ ვურჩევდი პოლიტიკურ კორუფციაზე საუბარს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიაში სერიოზული პრობლემებია პარტიის შიდა არჩევნების შემდეგ და არ ურჩევდა პოლიტიკურ კორუფციაზე საუბარს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„რატომ გადაწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ, რომ ერთადერთი საქმე ჰქონდეს და ეს საქმე იყოს მე და ბატონ რომან გოცირიძეზე საუბარი. ამხელა ფრაქციაა, აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა პარტიას, აქვს ძალიან ბევრი საქმე. პირველი, რატომაც ვფიქრობ რომ შეიძლება ეს ასე აწუხებდეთ, არის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული პრობლემები გუნდში არჩევნების შემდეგ და ალბათ ფიქრობენ, რომ დაიშლება უფრო კიდევ პარტია და ფრაქციაც. საერთოდ ვერ გავიგე რა შუაში ვართ მე და ბატონი რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ყოფილ წევრებთან, ვინც გააძლიერა კლანი. იმის მაგივრად, რომ კითხვები დასვან შიგნით ფრაქციაში, აქეთ ისვრიან ტალახს. არ ვურჩევდი პოლიტიკურ კორუფციაზე საუბარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვფიქრობ, რომ ეს ტალახის სროლა უნდა შეწყდეს“, - აცხადებს დეკანოიძე.

დეკანოიძე - გოცირიძის ინიციატივა საშუალება მიეცეთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა ყოფილ და მოქმედ თანაგუნდელებს შორის. „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდიდან წასულების მიმართ უმძიმესი ბრალდებები ისმის: პოლიტიკური კორუფცია, ფინანსური ინტერესი და ხელისუფლებასთან გარიგება. ყოფილი თანაგუნდელების ამ ბრალდებებს უფრაქციო დეპუტატები პარტიაში არსებული მძიმე კრიზისით ხსნიან.