საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
სწორედ ამ მიზნით, იმ ქართველი სტუდენტებისათვის, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ იღებენ, საქართველოს ბანკი საზაფხულო სტაჟირების პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღებას იწყებს.
ამისათვის, სტუდენტებმა 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი, ატვირთონ საკუთარი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე.
პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, დააგროვონ სამუშაო გამოცდილება მათთვის საინტერესო პოზიციებზე, ითანამშრომლონ საქართველოს ბანკის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან და გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით: G&T საინვესტიციო ბანკინგი, ფინანსური მიმართულება, კორპორაციული ანალიტიკა და გაყიდვები, ინვესტორებთან ურთიერთობა, მონაცემთა ანალიტიკა და მეცნიერება, იურიდიული მიმართულება, სტრატეგიული პროექტების მართვა და სხვა.
საზაფხულო სტაჟირება 2-8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სტუდენტების ინდივიდუალური კალენდრის მიხედვით ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა 2020 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკში სტაჟირება უკვე 19-მა სტუდენტმა გაიარა, რომლებიც მსოფლიოს ისეთ გავლენიან უნივერსიტეტებში სწავლობდნენ, როგორებიცაა: ნოტინგემის, ლოფბოროს, რიჩმონდის, ჯორჯ ვაშინგტონის, კენტის, როტერდამის, ერასმუსის და სხვ. უნივერსიტეტები.
„საზაფხულო სტაჟირების პროგრამა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობაა, რომელიც მიზნად ისახავს, დაანახოს უცხოეთში განათლების მისაღებად მყოფ ქართველ სტუდენტებს საკუთარი ცოდნისა და უნარების საქართველოში რეალიზების პოტენციალი. ასევე, აძლევს მათ შესაძლებლობას, დაიგროვონ სამუშაო გამოცდილება მათთვის საინტერესო მიმართულებით, ითანამშრომლონ ჩვენი გუნდის პროფესიონალებთან და განივითარონ ახალი უნარები. საქართველოს ბანკისთვის კი არის შესაძლებლობა, აღმოაჩინოს და მოიზიდოს ტალანტები. საზაფხულო სტაჟირების პროგრამის ფარგლებში უკვე არაერთმა სტუდენტმა მიიღო სასურველი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, რამდენიმე მათგანი კი დღეს პროფესიულ ზრდას ჩვენს გუნდთან ერთად აგრძელებს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკის გუნდში.