საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებითა და ლიბერთი ბანკისა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს მასშტაბურ პროექტს - „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" (RDYE)
დღეს, „პულმან თბილისში" საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მარტში 22 მეწარმე, ხოლო ამჯერად 16 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა.
გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს საქართველოში „მერსი ქორფსის" წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა, RDYE პროექტის დირექტორმა უჩა ვარამაშვილმა და ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური.
ღონისძიების ფარგლებში, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელმა ახალგაზრდა მეწარმეებმა, რომლებმაც დაასრულეს RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა და მოამზადეს ბიზნეს გეგმები, მონაწილეობა მიიღეს პროექტის საგრანტო კონკურსში და საკუთარი პროდუქციის გამოფენაზე წარმოადგინეს.
ღონისძიებაზე მოწვეულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საშუალება მიეცათ პირადად გაცნობოდნენ პროექტის მონაწილეებს, დაეთვალიერებინათ მათი პროდუქცია, დაემყარებინათ საქმიანი კავშირები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, მხარი დაეჭირათ ახალგაზრდა მეწარმეებისთვის და თავისი წვლილი შეეტანათ სოფლად ახლგაზრული მეწარმეობისა და საქართველოს რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების საქმეში.
„RDYE პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამიზნე რეგიონებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებას. ამისათვის პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში უკვე გადამზადდა 700-ზე მეტი, ხოლო სამომავლოდ დაგეგმილია დამატებით 800 ახალგაზრდის გადამზადება მეწარმეობის მიმართულებით და მათთვის დაფინანსების შესაძლებლობის მიცემა. დღევანდელ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პროექტის ფინანსური მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი საწარმოების განვითარებას შეძლებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ეს კი დამატებითი ეკონომიკური სტიმული იქნება არამარტო გამარჯვებულთათვის, არამედ რეგიონში მცხოვრები სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რათა გააქტიურდნენ და უფრო მეტად ჩაერთონ სათემო განვითარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში." - უჩა ვარამაშვილი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის" პროექტის დირექტორი.
,,ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი წვლილი შეიტანოს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარებაში. პროექტის მიმდინარეობისას, გავიცანით ახალგაზრდა მეწარმეები ძალიან საინტერესო ბიზნეს იდეებით. ფინანსური განათლება და ფინანსური კონტრიბუცია კი ამ ახალგაზრდებს აუცილებლად დაეხმარება შექმნან წარმატებული და პასუხისმგებლიანი კომპანიები, გაძლიერდნენ და თავის წვლილი შეიტანონ რეგიონის გაძლიერებასა და მიმზიდველობაში. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ამ შესაძლებლობისთვის." - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.