კატარის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ დიპლომატიური გზით შეიძლება გადაწყდეს.
„რეალობის გათვალისწინებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნატო არ არის მზად ჯარების გაგზავნისთვის, აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინელები ვერ გაიმარჯვებენ. ეს ჩემი პოზიციაა“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
„ომი შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსები შეძლებენ შეთანხმებას აშშ-თან. ევროპაში ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ამით, მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალია“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოზიცია, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი.
„ჩემი პოზიცია, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებენ, არ მუშაობს. არცერთი მხარის გამარჯვების შანსი არ არის. ეს არის ომი, რომელიც ბევრ ადამიანს ართმევს სიცოცხლეს და შედეგი არ მოაქვს“, - განაცხადა ორბანმა.
„მე ვლაპარაკობ, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე. ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ამ ომში მოგების შანსი არ არსებობს“, - დასძინა მან.