„ნეაპოლის ახალ მეფეს გვირგვინი დაადგეს“ - სერია A-ს ოფიციალური გვერდი პოსტერს აქვეყნებს
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს უდინეში „უდინეზეს" და „ნაპოლის" შორის იტალიის სერია A-ს ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა.
„ნაპოლის" ფეხბურთელებისთვის მატჩი მნიშვნელოვანი იმ გარემოების გამო იყო, რომ შეხვედრის მოგების ან თუნდაც ფრედ დამთავრების შემთხვევაში ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ხდებოდა ჩემპიონი, „უდინეზეს" კი მომავალ ჩემპიონთან შეხვედრაში თავის გამოჩენის სურვილი ამოძრავებდა.
„დიეგო არმანდო მარადონას" სტადიონზე შეკრებილი „ნაპოლის" თითქმის 60 ათასი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს უდინეში მიმდინარე მატჩს და თავისი გუნდისგან საჩემპიონო შედეგს ელოდა. შეხვედრის პირველმა ნახევარმა მათი იმედები არ გაამართლა. „ნაპოლი" შეტევაში ვერაფერს ქმნიდა, „უდინეზემ" კი ერთადერთი საგოლე მომენტი გამოიყენა (სანდი ლოვრიჩი, მე-13 წუთი) და ტაიმი მოიგო.
მეორე ნახევრის 52-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი რამდენიმე შეხების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მიუვიდა და მან დაახლოებით 12 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გაგზავნა ბურთი კარისკენ. მეკარე მარკო სილვესტრის მოგერიებულ ბურთთან პირველი ვიქტორ ოსიმჰენი გაჩნდა და მან ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.