რომან კაკულია: პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სათქმელი თქვა

რომან კაკულია: პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სათქმელი თქვა

მან თქვა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სათქმელი. თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ღირებულებები, შეუძლია თავი გენიოსად ჩათვალოს და დარჩეს უმცირესობაში, - ასე შეაფასა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა.

„ძალიან სუსტი იყო შეფასებების ის ნაწილი, რომელსაც მაგალითად ერთ-ერთ არგუმენტად პუტინის გამონათქვამებთან შედარება ჰქონდა, რადგან ბოლო 20 წელია ევროპაში იმდენი კრიტიკული რამ ითქვა თავად ევროპაზე (იმიტომ რომ ევროპას ნამდვილად აქვს გამოწვევები), პუტინისთვის ყველაფრის დაბრალება ცხადია ძალიან არაკომპეტენტურია. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ მისთვის პატრიარქი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორიტეტი, ვის უნდა უკვირდეს, რომ ასეთი ღირებულებები მოსახლეობის უმრავლესობისთვის არის მისაღები“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში სიტყვით გამოვიდა.

„აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.