ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ დავით კეზერაშვილზე გაკეთებულ განცხადებას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
„ის, რომ მასალებზე წვდომა უნდათ [დავით კეზერაშვილს და მის გარემოცვას], უკვე გამოიკვეთა, უკვე ნათელი გახდა. გარდა ამისა, არსებობს დიდი ინტერესი, რომ ამ გამოძიებაში ჩაერთონ რამენაირად, ხელი შეუშალონ, თვითონ წამოიღონ ეს მასალები და გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება იმიტომ, რომ მათ [ქართველმა სამართალდამცველებმა] მოახერხეს ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს - აღმოეფხვრათ ქოლცენტრები“, - განაცხადა მდინარაძემ.
შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ ერთადერთი, ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, არის თავად დავით კეზერაშვილი, რათა წინსწრებით გაიგოს, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს.