სუდანში ჩარჩენილი მფრინავი: ეპიცენტრი არის ჩვენი საცხოვრებლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში. შეტაკებების ხმა აქაც ისმის

სუდანში ჩარჩენილი მფრინავი: ეპიცენტრი არის ჩვენი საცხოვრებლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში. შეტაკებების ხმა აქაც ისმის

სუდანში, სადაც შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირება გრძელდება, „ქრონიკასთან“ საუბარში სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქე მამუკა მარკოზაშვილი, რომელიც ხომალდის მეთაურია, აცხადებს, რომ შეტაკებების ეპიცენტრი მისი სახლიდან ორ კილომეტრშია, თუმცა მათთან სიმშვიდეა.

„სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჯერჯერობით არ გვეხება არაფერი. არ გვაწუხებენ. ეპიცენტრი არის ჩვენი საცხოვრებლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში. შეტაკებების ხმა აქაც ისმის. ველოდებით, რომ მოვახერხოთ გამოფრენა მშვიდობიანად და მხარეებმა შეწყვიტონ სროლები“, - აცხადებს სუდანში მყოფი.

სუდანში ამ დროისთვის საქართველოს 40-მდე მოქალაქე იმყოფება, რომელთა ნაწილი ავიაკომპანიების „ჯეო-სქაის“ და „მაივეი ეარლაინსის“ თანამშრომლები არიან. საქართველოს მოქალაქეები ამჟამად უზრუნველყოფილი არიან წყლითა და საკვებით. მათ გრაფიკით მიეწოდებათ ელექტროენერგია.

კომპანიის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუდმივი კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან. მათი თქმით, ისინი ელოდებიან სუდანში ვითარების სტაბილიზაციას, რათა ქართველები სამშობლოში დააბრუნონ.