რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, ეს არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესებისა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ ახერხებდა და ეს საჯაროდ არ გამოჰქონდა, მაგრამ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ იმდენად ღრმა კრიზისში შევიდა ეს პოლიტიკური სუბიექტი, რომ უკვე ინდივიდუალურად, ერთმანეთს ესხმიან თავს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„გამოიყენეს ყველა ის მეთოდი, რომელიც მათთვის არის ჩვეული, იმიტომ რომ სწორედ ამ მეთოდებით მართავნენ ქვეყანას. ამ ადამიანებს ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი, რომ პოლიტიკურად ვერანაირ წინსვლას ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ეს დადასტურდა არაერთ არჩევნებში და ორ კვირაში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე ერთი კანდიდატურაც კი არ დაუყენებიათ, იმიტომ რომ არანაირი რესურსი არ აქვთ. რესურსის არარსებობა დაადასტურა იმ გარემოებამაც, როდესაც ხაბეიშვილმა დააანონსა და ჩვენ ვნახეთ რეგიონებში ჩატარებული აქციები, სადაც 10-15 ადამიანი ძლივს გროვდებოდა, ზოგიერთგან კი დაანონსებული აქცია საერთოდ გაუქმდა. შემდეგ იყო მცდელობა, რომ გამოეყენებინათ რაღაც ტალღა და მიზანმიმართულად შეარჩიეს ამისთვის 9 აპრილი, მაგრამ რადიკალებმა საზოგადოებისგან მიიღეს შესაბამისი პასუხი. ეს იყო მათი სრული ფიასკო, როცა 9 აპრილს ვერაფერი შეძლეს და საზოგადოება ვერ აიყოლიეს იმ აბსურდულ მოთხოვნებზე, რომელზეც თვითონ არ არიან ჩამოყალიბებულები. ჩვენ ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ დეგრადაციას, დღითიდღე ეს პარტია მიექანება უფსკრულში, რომლიდანაც გამოსავალი არ არის“, - აცხადებს მიქანაძე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ორად გაყოფილ პარტიაში ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკმაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს.