BBC-ის გამოძიება არის უმნიშვნელოვანესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას სამართლებრივი პასუხები გაეცემა და უნდა გაეცეს. ნებისმიერ ასეთ საქმესთან დაკავშირებით, ობიექტურ საგამოძიებო მოქმედებას მხარს დავუჭერ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„[კეზერაშვილის გადაწყვეტილება] მნიშვნელოვანია, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულისთვის, კონკრეტული წნეხი რაც შეიძლება იყოს მათზე, ეს მოიხსნება და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება დაეხმარება, ყოველ შემთხვევისთვის არ ავნებს მაინც. კარგია, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.
დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის უარს ამბობს„ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.